თაღლითები 200-ლარიანი დახმარების პროგრამაში რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს თანხას სძალავენ

„გარკვეული ფიზიკური პირები 200-ლარიანი დახმარების პროგრამის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, ვაფრთხილებთ თითოეულ მათგანს, ეს არის კრიმინალი და რეაგირება მოხდება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისროში განაცხადეს.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, ხდება სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.

ცნობისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია, მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მათთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება.

მსგავსი თემები