„ქართულმა ოცნებამ“ წალკაში კანდიდატად გოგი მეშველიანი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი წალკაში წარადგინა.

„გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა პარლამენტში“ – განაცხადა პრემიერმა.

“ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამიტომ ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში” – ამის შესახებ წალკაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე წალკაში ვრცლად ისაუბრა:

„ეს მიწა იმდენად მადლიანია, რომ შეუძლებელია წალკაში არ ისაუბრო სოფლის მეურნეობაზე და იმაზე, რომ ქართველი გლეხი უნდა იყოს ძლიერი ფერმერი. შეუძლებელია არ ისაუბრო იმაზე, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს ქართველი ფერმერის დასახმარებლად, თუმცა ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. პროგრამები, რომლებითაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვამაყობთ – „აწარმოე საქართველოში“, „აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და სხვები – ეს საკმარისი არაა. ეს კუთხე ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას, მათ შორის ექსპორტისთვისაც, ამიტომ სულ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ კუთხით შესაბამისმა სამინისტროებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი, რომლის მსახურებაც სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს კარგი განათლების სისტემა უნდა ჰქონდეთ, და ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების რეფორმირების სისწრაფეს, თუმცა ამ პროცესს წლების დასჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, სახელმწიფო ქართველ გლეხს ეხმარება იმისთვის, რომ მან რაღაც გამბედაობა მოიკრიფოს, რისკები აიღოს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავისი პატარა ბიზნესის კეთება დაიწყოს.

„ყველას ერთად სამართლიანი პირობები უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ღირსეულად ვიშრომოთ და ჩვენი ოჯახები ვარჩინოთ. დღეს მინდა, ცოტა მეტი ვისაუბრო სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ. კიდევ ბევრი გვაქვს საშრომი, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი გახდეს. სახელმწიფო ქართველ გლეხს ეხმარება იმისთვის, რომ მან რაღაც გამბედაობა მოიკრიფოს, რისკები აიღოს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავისი პატარა ბიზნესის კეთება დაიწყოს. ამიტომ ვეხმარებით გლეხებს შესაბამისი პროგრამებით. ეს ის ხალხია, რომელმაც ხვალ და ზეგ წარმატებას უნდა მიაღწიოს, დაასაქმოს თავისი მეზობელი, მეგობარი და ეს მთელ რეგიონს გააძლიერებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფრასტრუქტურის მხრივ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველა ხედავს, რამდენს ვაკეთებთ გზების რეაბილიტაციისთვის. თუმცა ეს საკმარისი არაა, კიდევ ბევრი წელი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მაგისტრალური, საქალაქთაშორისო და სოფლის გზები წესრიგში მოვიყვანოთ. ბევრს ვმუშაობ წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. კარგად ვხედავთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამიტომ ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. ეს არჩევანი მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავაგრძელოთ შრომა, რათა ჩვენი დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი, ხვალინდელი კი კიდევ უფრო კარგი იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად თანაბარ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები