“საზოგადოება მზადაა, დააფასოს ხელისუფლების კომპეტენტურობა კრიზისის მართვისას, ოპოზიცია კი, არჩევნების დაბლოკვას ცდილობს” – ევროპარლამენტარი

  •  

ლატვიელი ევროპარლამენტარი დაცე მელბარდე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის წარმატების წინაპირობად „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვას ასახელებს. ამის შესახებ საუბარია დაცე მელბარდეს მიერ ვებგვერდ New Europe-ზე („ახალი ევროპა“) გამოქვეყნებულ წერილში.

„კრიზისი ყოველთვის წარმოადგენს პრობლემას ხელისუფლებისთვის. როცა საქმე ცუდად მიდის, სწორედ მმართველ პარტიას ადანაშაულებენ (და, ძირითადად, სწორედ მის წინააღმდეგ არის მიმართული საზოგადოების რისხვა) – მაშინაც კი, როცა პრობლემის მიზეზები მის კონტროლს არ ექვემდებარება. ოპოზიციური პარტიები კი, ამასობაში გამოდიან კრიტიკით, მაგრამ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე და შედეგად, როგორც წესი, სარგებელს ხედავენ საარჩევნო ყუთებთან“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“ ამ თვალსაზრისით განსხვავებას არ წარმოადგენს.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ ვირუსის თანმხლები უპრეცედენტო საფრთხე, რომლის წინააღმდეგ არც სამკურნალო საშუალება არსებობს და არც ვაქცინა, არ უტოვებს მთავრობას რაიმე გარანტირებულ მეთოდს მოქალაქეთა დასაცავად და არც ხილული მტერი არსებობს (მაგალითად, ტერორიზმი ან ზოგადად, ომი), რომელთან საბრძოლველადაც შესაძლებელია ერის კონსოლიდაცია. სიკვდილიანობის მატების და ეკონომიკური გავლენის ზრდის კვალდაკვალ, მთავრობები მთელ მსოფლიოში გრძნობენ საზოგადოების უკმაყოფილების ძალას. დონალდ ტრამპის, ბორის ჯონსონის, ემანუელ მაკრონისა და პედრო სანჩესის რეიტინგები ეცემა. აქამდე თითქოს წარმატებულ ქვეყნებშიც კი, (მაგალითად, შვედეთი) დღეს შეიმჩნევა საზოგადოების უკმაყოფილებას ზრდა და ხელისუფლების პოპულარობის კლება.

მოცემულ პირობებში არჩევნები ხელისუფლებას შიშის ზარს სცემს. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა გადაიტანოს ნარატივი „კოვიდ-19“-დან სხვა, ნაკლებად მწვავე სტრატეგიულ საკითხებზე“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

თუმცა, მისივე თქმით, ამ მხრივ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სამხრეთ კორეა და საქართველო.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წარმატებას პანდემიის მართვის მხრივ მთელი მსოფლიო აღიარებს.

„აქ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ბოლო გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 55 პროცენტი, რაც სრულიად საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობის შესანარჩუნებლად და ბევრად აღემატება პანდემიამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს. ისევე, როგორც სეულში, აქაც საზოგადოება, როგორც ჩანს, მზადაა, დააფასოს ხელისუფლების კომპეტენტურობა საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისის მართვისას“, – წერს ლატვიელი დეპუტატი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არჩევნები განახლებული სისტემით ჩატარდება.

„არსებობს ერთი კონკრეტული დეტალი, რომლის გამოც სიტუაცია საქართველოში უფრო დამაინტრიგებელია. ოქტომბერში ჩატარდება პირველი არჩევნები ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა ამა წლის მარტში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად. 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის მიუხედავად, მიიღო საარჩევნო რეფორმისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ შეთანხმების მიღწევას შუამდგომლობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და იგი მიზნად ისახავს საქართველოში გრძელვადიან ჭრილში პროპორციული წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებას. ისევე, როგორც სამხრეთ კორეაში, აქაც ვხედავთ ამჟამინდელი სიტუაციისთვის უჩვეულო სურათს – არჩევნებში ოპოზიცია მარცხდება… მაგრამ განსხვავება საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიცია იმდენადაა შეშფოთებული, რომ არჩევნების დაბლოკვასაც კი ცდილობს! რამდენად წარმატებულია პოლიტიკური თამაშის ამ გზით წარმართვა, ამას დრო გვიჩვენებს. ისევე, როგორც სამხრეთ კორეაში, ქართულ ოპოზიციასაც აქვს უფლება, თავი დაჩაგრულად იგრძნოს. მართლაც, „კოვიდ-19“ არ არის მათი ბრალი და კრიზისის დროს მათ, არსებითად, არ დაუშვიათ შეცდომები თუ ხარვეზები. მათ უბრალოდ პოლიტიკურმა ბედმა უმტყუნა. მმართველ პარტიას კი, „წარმატებული კრიზისი“ ჰქონდა, რის დადებით შედეგსაც იგი მოიმკის საარჩევნო ყუთებთან. დემოკრატიის პირობებში ასეთი რამ დროდადრო მართლაც ხდება, თუმცა დაუშვებელია ამის გამოყენება საარჩევნო პროცესის და დემოკრატიული რეფორმების საბოტაჟის მიზნით. დიდი და გულდასაწყვეტი დამარცხების მიუხედავად, ოპოზიციამ სამხრეთ კორეაში აღიარა, როგორც არჩევნების პროცესის, ისე მისი შედეგების ლეგიტიმურობა, რითაც გამოამჟღავნა პასუხისმგებლობა და სიმწიფე. გამოვთქვამთ იმედს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში თბილისშიც გავხდებით მსგავსი სიმწიფის მომსწრენი“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, საქართველოს შემდეგ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ამერიკაზე, სადაც ნოემბერში დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები.

„ჯონსონს და მარკონს კი, მეტი დრო აქვთ, რათა, დიდი ალბათობით, უკვე პოსტკოვიდურ პირობებში გაარკვიონ ურთიერთობა ამომრჩევლებთან. ასობით მილიონი ადამიანი მოკლებულია უფლებას, პასუხი მოსთხოვოს საკუთარ მთავრობას. ჩინეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში წარმატება თუ მარცხი არჩევნებზე არ აისახება: აქ „კოვიდ-19“-ის კრიზისი არაფრით განსხვავდება სხვა კრიზისებისგან. ასე რომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა“, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი თემები