“ლუკაშენკო ევროკავშირში პერსონა ნონ გრატაა” – ევროპარლამენტის წევრები

ევროპარლამენტის ხუთი პარტია ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

„ალექსანდრ ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მეთვალყურეობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის“, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ლიბერალი პროევროპელების, მწვანეებისა და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების“ ჯგუფის წევრი დეპუტატები.

მათი თქმით, ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. დეპუტატების განცხადებით, სანდო მონაცემებით, გამარჯვება სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოიპოვა.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ ცნობები დეტალურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს. ასევე, გათავისუფლდნენ აქციებისა და საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული აქტივისტები და პოლიტიკოსები.

ევროდეპუტატები მიესალმებიან ევროკავშირის მხრიდან ძალადობის ორგანიზატორების წინააღდმეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან ერთად, ისინი მოუწოდებენ რუსეთს, თავი შეიკავოს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში ღია თუ ფარული ჩარევისგან.

მსგავსი თემები