დღეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

მსგავსი თემები