“ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა

ნინო ლაცაბაძემ ამომრჩევლებს მიმართა და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით რუსთაველების წინაშე აკისრია:

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მეგობრებისა და ახლობლების უდიდესი ნაწილი. ქალაქი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ალბათ ამიტომაც არის, რომ პატივთან ერთად, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც გუნდის, ასევე თქვენს წინაშე. როგორც რიგითი რუსთაველი, მე კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებიც არის დღეს რუსთავში და დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსთავის განვითარება გახდეს შეუქცევადი პროცესი“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

​მისი თქმით, რუსთავი წლების განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში დიდ როლს ასრულებდა.

„რუსთავში იქმნებოდა და დღესაც იქმნება არაერთი უნიკალური პროდუქტი, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე ქვეყნის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, რუსთავის ამ პოტენციალის გამოყენებით შევძლებთ, ის ეკონომიკური წარმატება, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო, თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს ოჯახში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსთავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ვთანხმდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები დასაქმებულები არიან საწარმოებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგია იყოს პირველ ადგილზე და ეკონომიკის განვითარება არ ხდებოდეს ეკოლოგიის ხარჯზე. ეკოლოგია იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, რუსთავი არ არის მხოლოდ საწარმოების ქალაქი.

„რუსთავში ცხოვრობს ბევრი ნიჭიერი, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა და ასევე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, მათ ჰქონდეთ ნიჭის რეალიზების საშუალება. მე არ ვარ მხოლოდ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი. რუსთავის საარჩევნო ოლქში შემოდის გარდაბნის 10 თემი და მინდა, მივმართო მათ, ისევე, როგორც რუსთაველებზე, ვიზრუნებ თქვენზე და ვიქნები თქვენს გვერდში. ჩვენ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შეხვედრას ესწრება ჩემი 90 წლის ბაბუა, რომელიც 1954 წელს ჩამოვიდა რუსთავში და ის ხშირად მიყვება, როგორ შენდებოდა რუსთავი, როგორ მეგობრობდნენ, როგორ უყვარდათ და სწორედ ალბათ ასეთი ადამიანების ძალისხმევით მოვიდა ეს ქალაქი აქამდე. ჩვენ უკვე ახალი ენერგიით, თანამედროვე მიდგომებით და ჩვენი ზრუნვით კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი შვილებისთვის. მე გპირდებით, ვიქნები თქვენი ღირსეული ხმა საქართველოს პარლამეტში. ხმა, რომელიც იქნება ყოველთვის გულწრფელი და შედეგის მომტანი. დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რუსთავის წარმატებისთვის“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

მსგავსი თემები