“დავით ბაქრაძემ ღიად თქვა, რომ წინა ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე ოკუპანტთან აკეთებდა კომპრომისებს” – თეა წულუკიანი

  •  

რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა კომპრომისებს ოკუპანტთან, რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ტრაგიკული მახე, რასაც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური ოკუპაცია მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, ოკუპაცია არის ომის შედეგი და დღეს, თითქოს ოკუპაციას ებრძვიან, ეს არის ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან.

„ხალხის ინტერესი, სტაბილურობა და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე არის ჩვენთვის მთავარი, მშვიდობიანი გზით, სასამართლო დავებით, მათ შორის ჰააგაში, ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს გამარჯვებამდე ამ დავებს. ჰააგამდე ჩვენ პირველ რიგში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ომის საქმეზე, სადაც ამ ადამიანებმა, ვინც თურმე კომპრომისებით იარა რუსეთთან, ერთი მტკიცებულებაც კი არ დაგვიტოვა, რომ სტრასბურგში გვეწარმოებინა დავა და მრავალი წლის შემდეგ მოგვიწია სანთლით გვეძებნა ესა თუ ის მტკიცებულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები