1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გუშინ გაავრცელა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს.

ცხედრების ამოცნობა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში მოხდა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, ცხედრებს დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მსგავსი თემები