გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის პროცესი დღეს გაიმართება

19 წლის მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. მცხეთის საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხანში დაიწყება, სადაც წინასასამართლო სხდომის თარიღზე უნდა იმსჯელონ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი როდის მოხდება 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმის ახალ მასალებში მოწმის გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება დევს.

“დღეს სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღზე მხარეებთან შეთანხმებით და სასამართლო არ იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან მსგავსი სახის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ახალ მასალებს სრულყოფილად ვიცნობ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალ მასალებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დასაცავი პირის – ნიკა რევაზიშვილის რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა. ახალ მასალებში კვლავ გვხვდება გურამ ამირხანაშვილის შეცვლილი ჩვენება, თუმცა ამ შეცვლილი ჩვენებითაც კი არ დასტურდება განზრახ მკვლელობის ფაქტი,” – განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალი 5 პირს დაუმძიმდა.

მსგავსი თემები