მარიხუანის მოხმარებაზე ასაკობრივი ცენზი 3 წლით გაიზრდება  

​პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანის მოხმარების აკრძალვაზე ასაკობრივი ცენზი 18 წლის ნაცვლად 21 წლის ასაკით განისაზღვრება, როგორც ეს მსოფლიოს ცივილურ ქვეყნებშია მიღებული. რეგულაციები შეეხება ასევე, ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებულ პროფესიებს, კერძოდ, მძღოლის, მფრინავის, მემანქანის, ექიმის, მასწავლებლის და ა.შ პროფესიის ადამიანებს, მარიხუანის გამოყენება ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აკაკი ზოიძემ დღეს განაცხადა, სანამ პრევენციაში არ არის ჩადებული საკმაოდ დიდი თანხა და არ არსებობს ერთიანი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ მოზარდ თაობას ავუხსნათ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის მოხმარება რა რისკებს უკავშირდება, მარიხუანის ლეგალიზებაზე ასეთი ჟივილ-ხივილი დაშვებულია.

“სიგარეტის მოწევის ასაკი ბავშვებში ჩამოვიდა 13 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებში ის აკრძალულია. ველოდებით, რომ ანალოგიური შეიძლება მოხდეს მარიხუანასთან დაკავშირებითაც. ამიტომ უმკაცრესი რეგლამენტია შესამუშავებელი, სანამ მნიშვნელოვანი თანხები არ ჩადება იმაში, რომ მოზარდ თაობას ავუხსნათ რისკები, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან, მათ შორის მარიხუანაზე. მე ვარ უმკაცრესი რეგულაციის მომხრე”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

​მისივე ინფორმაციით, ახალ რეგულაციებზე პარლამენტი სექტემბრიდან იმსჯელებს. უკვე არსებულის თანახმად კი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და შენახვა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს და პარლამენტი ამ სანქციის კიდევ უფრო გამკაცრებაზე იმსჯელებს. ასევე, ნარკოტიკის გასაღება და 70 გრამზე მეტის ქონა სისხლის სამართლის დანაშაულად არის აღიარებული.

მსგავსი თემები