ყაზბეგში სამ სოფელში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს

  •  

ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. სპეციალისტები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ სამ სოფელში იკვლევენ, სადაც ინფექცია დადასტურდა. ამ დროისთვის, COVID-19 ლარსის გამშვები პუნქტის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან სამი ყაზბეგის რაიონის მცხოვრებია.  

სოფელ გარბანში უკვე აღებულია 100-მდე ბიოლოგიური ნიმუში და სავარაუდოდ, ეპიდემიოლოგები მოსახლეობის ტესტირებას დღის ბოლომდე დასრულებენ. 

რაც შეეხება კიდევ ორ სოფელს, არშასა და დაბა სტეფანწმინდას, იქ სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე ამბობს, ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯები გადაიდგმება სამომავლოდ.     

“არშაში ამ მომენტისთვის დასრულებულია კონკრეტულად დაავადებული პირის და კონტაქტირებული პირების სრული ტესტირება და თერმოსკრინინგი. ასევე, დასრულებულია დაბა სტეფანწმინდაში დაავადებული ოჯახის წევრების და კონტაქტირებული პირების სრული ტესტირება და თერემოსკრინინგი. რა თქმა უნდა, ხვალისთვის დაველოდებით პასუხებს და შესაბამისად, დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით და მათთან შეთანხმებით მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის სიმშვიდეა, მოსახლეობა ძალიან გაგებით შეხვდა გარბანში, თანამშრომლობენ, გაგებით ხვდებიან ამ მდგომარეობას,” – აცხადებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.

მსგავსი თემები