ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ა.გ.-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი „საქართველოს პროკურატურამ” განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ ბილანიშვილის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.  მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

შეგახსენებთ, ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.

მსგავსი თემები