„ეს იყო მშვიდობის ორკესტრი, რომლესაც კალაშნიკოვი და დაპისირისპირება არ სჭირდებოდა“- უვე ბერკემერი

  •  

 ეკა გულუა

“თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი გერმანელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა“ – აცხადებს მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე „მთავართან“.

„მთავარის“  პროფილი ამჯერად  „სულში ჩამწვდომ მუსიკოსებს“ – ბელა მახარაძისა და უვე ბერკემერის ოჯახს წარმოგიდგენთ.  გაიგებთ, სოფელ ნატანებში დაბადებული პატარა გოგო როგორ გახდა ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი,  როგორ და სად გაიცნო ცნობილი კომპოზიტორი, პიანისტი  და დირიჟორი უვე ბერკემერი,  რატომ გაყიდა წყვილმა სახლი გერმანიაში და საქართველოში დასახლდა, თუმცა, იძულებული გახდა უკან, გერმანიაში დაბრუნებულიყო.

ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე,  გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი  და დირიჟორი უვე ბერკემერი, ამჟამად საქართველოში იმყოფებიან.  წყვილმა ევროპული ტურნე სწორედ  საქართველოდან დაიწყო.  ტურნეს ფარგლებში პირველი სოლო კონცერტი ჭიათურაში უკვე გამართეს და ის ტყიბულის შახტაში დაღუპულ მეშახტეებს მიუძღვნეს. აგვისტოში მათი კონცერტი ბელა მახარაძის მშობლიურ ნატანებში გაგრძელდება,  შემდეგ კი  საბერძნეთსა და ამსტერდამში.

პროფესიული პროფილი  

ბელა ბერკემერ-მახარაძე: დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია( პროფესორების: შოთა შანიძისა და ხათუნა თუშმანიშვილის კლასი), იყო ცნობილი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი.7 წლის ასაკიდან უკრავს ვიოლინოზე და როგორც თავად გვიყვება, ეს ინსტრუმენტი მას ბათუმის სიმფონიური და კამერული ორკესტრის კონცერტმაისტერმა თემურ შავლაშვილმა შეაყვარა, რომელიც თავიდანვე მისი პედაგოგი იყო.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე,  ლიანა ისაკაძის თხოვნით, საქართველოს კამერულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა  და ორკესტრთან ერთად,  წარმატებულ გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა.

25 წლის ასაკში დაქორწინდა და მისი რჩეული  გერმანელი დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი უვე ბერკემერი გახდა.

წყვილი შემოქმედებით კარიერას ერთად აგრძელებს. ცხოვრობს და მოღვაწეობს  გერმანიაში, თუმცა, ხშირად აქვს მსოფლიო ტურნე. განსაკუთრებით უყვარს  კონცერტები საქართველოში. წყვილი  არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორია.

ბელა მახარაძე გურიაში, სოფელ ნატანებში დაიბადა.  მესამე კურსზე იყო, როცა ლიანა ისაკაძის  სტიპენდიანტი გახდა. ის პირველი იყო, ვისაც ეს პატივი ერგო.

„ცელქი ბელა ბევრ  სიგიჟეს ჩადიოდა“ – დედის მოგონებები

მამა რომან მახარაძე ინჟინერია, დედა –  ეთერ კვერღელიძე პიანისტი და ამასთანავე, ნატანების მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო. როგორც დედა „მთავართან“ საუბრისას იხსენებს, ბელა ძალიან ცელქი იყო,  ბევრ „სიგიჟესაც“ ჩადიოდა: „ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვი იყო, თუმცა, მიზანდასახული.  თუ რამეს ჩაიფიქრებდა, უნდა გაეკეთებინა. 6 თვის ასაკში უკვე რითმულად  “დედა-დედას” ღიღინებდა. ლაპარაკი რომ დაიწყო, დილას ისე არ გაიღვიძებდა 2 ხმაში რომ არ გვემღერა. ხალხურებს ვღეროდით. ბოხი ხმა ჰქონდა. მე პირველ ხმას ვმღეროდი, ბელა კი მეორეს. თავიდან ფორტეპიანოზე რაისა ჯავახიას კლასში შევიყვანე, მეორე წელს კი ვიოლინოზე თემურ შალვაშვილთან.  ვიოლინოს სწავლა თავად უნდოდა. ძალიან ადვილად სწავლობდა ყველაფერს. პედაგოგს რომ ვეტყოდი მკაცრად მოსთხოვე,  რადგან სახლში დასჯის გარეშე არ უკრავდა, მეუბნებოდა, რაც დავავალე ბრწყინვალედ მაბარებს და მეტი რა მოვთხოვო-ო“.

ბელა მეექვსე კლასში იყო, როცა მშობლებმა 1000 მანეთიანი ვიოლინო უყიდეს. როგორც დედა იხსენებს, მაშინ 1000 მანეთი საკმაოდ დიდი ფული იყო, ამიტომ პატარა მევიოლინე ვიოლინოს ისეთ ადგილებში მალავდა, თავადაც ვერ პოულობდა.

„ბელამ ვიოლინო სადღაც დამალა, ვეძებეთ, ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ. რადგანაც ასეთი დიდი ფული იყო გადახდილი, იფიქრა ვინმე მოიპარავდა, ამიტომაც დამალა. ბოლოს ბალიშის ქვეშ ვიპოვეთ“- გვიყვება ცნობილი მევიოლინეს დედა.

ნატანების სამუსიკო სკოლაში  8 წელი ისწავლა. შემდეგ კი სწავლა ბათუმის სამუსიკო სკოლაში გააგრძელა.  „2 კურსის შემდეგ პედაგოგმა მითხრა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და საჭიროა,  სწავლა თბილისში გაგრძელოსო. მისი თბილისში გაშვების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ  ბელა გადაირია, ფანჯრიდან გადავხტები თუ არ გამიშვებთ-ო და გავუშვით“ – იხსენებს დედა.

ვიოლინოს ბალიშის ქვეშ დამალვის გარდა, კიდევ ჰქონდა ერთი ისტორია, რომელიც მახარაძეების ოჯახს არასდროს ავიწყდება.

„რეპეტიციაზე ბათუმში მიდიოდა,  ორკესტრთან ერთად უნდა დაეკრა. რკინიგზის სადგურში მივედით, მატარებელს უნდა გაჰყოლოდა და აღმოვაჩინეთ,  რომ ვიოლინო არ არის, სახლში დარჩა. გავვარდით სასწრაფოდ…. მატარებელი გააჩერეს ბელას ვიოლინოსთვის და  გველოდებოდა, სანამ ვიოლინო არ წავიღეთ. ძალიან უყვარდა მასწავლებლებისთვის სიურპირიზის გაკეთება. ცელქი იყო. ერთხელ,  სტუმრებს ველოდებოდით სკოლაში…სტუმრები იგვიანებდნენ. პედაგოგები  ერთ კაბინეტში შევედით და სანამ სტუმრები მოვიდოდნენ, სხვადასხვა თემას განვიხილავდით. უცებ ბელა შემოვარდა,  დაიძახა გივი წითლიძე (ყოფილი გამგებელი) მოდისო და უნდა გენახათ რა ხდებოდა, პედაგოგები ვინ სად და რომელ კაბინეტში გარბოდა. დავლაგდით, მაგრამ სად არის გივი წითლიძე და დელეგაცია.  …. ბელა გაიქცა,  მოგვატყუა,  გივი წითლიძის დელეგაცია არ მოვიდა, – ესეც დედის მოგონებებიდან.

„5 გოგო რომ მყავდეს, ხუთივეს უვესნაირ კაცს გავაყოლებდი“ – გვიყვება ეთერ კვერღელიძე გერმანელ სიძეზე და ბელას გათხოვების ისტორიასაც იხსენებს: „არასდროს მიფიქრია, რომ ბელა უცხოეთში გათხოვდებოდა. . ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრი წასული იყო უვეს ფესტივალზე, სადაც ბელაც უკრავდა.  ერთ დღეს ბელამ დამირეკა და მკითხა  დედა, როგორ ხარ, ფეხზე დგახარ თუ ზიხარო  და მითხრა, გადავწყვიტე, გერმანიაში  გავთხოვდე-ო.  ვკითხე  გაძლებდა თუ არა უჩემოდ, რადგანაც ჩემზე იყო დამოკიდებული და სულ დედა-დედას იძახდა. თბილისში რომ სწავლობდა ვაკითხავდი ხოლმე, მაგრამ, ჩემი უკან წასვლის დრო რომ მოვიდოდა, ტიროდა.  ამჯერად კი მიპასუხა, საქართველოში ხშირად ჩამოვალ  თქვენთან  ხშირად ვიქნები-ო. დღეს ის  ძალიან ბედნიერია,  მეც ძალიან ბედნიერი ვარ. სულ ვამბობ, 5 გოგო რომ მყავდეს, ხუთივეს უვესნაირ კაცს გავაყოლებდი, შესანიშნავი ადამიანია.“

 

ბერკემერების ოჯახს გერმანიაში დაბრუნება მოუწია

უვე ბერკემერი მხოლოდ კომპოზიტორი, პიანისტი  და დირიჟორი კი არა, შესანიშნავი მზარეულია, რომელიც ქართულ ტრადიციულ კერძებს ისეთი სიზუსტით ამზადებს, ადგილობრივსაც კი შეშურდება.  წყვილის შვილები – ნინა და მარი რომ ქართულად საუბრობენ, ესეც უვეს დამსახურებაა. ძალიან მონდომებულია, ბავშვებმა ქართული იცოდნენ და ბელას სულ ეუბნება, გერმანულად არ ისაუბროს.  საქართველო ძალიან უყვარს, როგორც კი დასვენების დღეები აქვს, საქართველოში ჩამოდის. კონცერტებსაც ხშირად გეგმავს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

საქართველოს სიყვარულით გერმანიაში სახლიც კი გაყიდა და საქართველოში დასახლდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო უკან დაბრუნება მოუწია.

2005 წელს შეიქმნა „კავკასიის კამერული ორკესტრი“, რომლის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი უვე ბერკემერი გახლდათ. როგორც უვე აცხადებს, ეს იდეა მან მშვიდობას დაუკავშირა და როგორც თავად ამბობს, ჩამოაყალიბა „მშვიდობის ორკესტრი“,  სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ყველა ერთად უკრავდა. „ეს იყო მშვიდობის ორკესტრი, რომლესაც კალაშნიკოვი და დაპირისპირება არ სჭირდებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონცერტი სოფელ ერედვში, რომელიც დღეს ოკუპირებულია. ომამდე ერედვში ძალიან კარგი დარბაზი იყო და იქ პირველი კონცერტი ჩავატარეთ, ხალხმა არც იცოდა რა კონცერტი იყო და ვინ ვიყავით, მაგრამ ძალიან კარგი საღამო შედგა. ომმა კი ერედვი და ეს დარბაზი მთლიანად გაანადგურა,“ –  გვიყვება უვე ბერკემერი.

ის კარგად იცნობს საქართველოს რეალობას, მძიმე სოციალურ პირობებს:  „მძიმე ვითარებაა, ხალხს არ აქვს სამსახური, ფული, მკურნალობის შესაძლებლობა.  ყოველი საქველმოქმედო კონცერტი ჩემთვის დიდი სტიმულია ამ ხალხის დასახმარებლად“.

„უვე ბერკემერის მოწვევით გერმანიაში ლიანა ისაკაძის მთელი ორკესტრი გავემგზავრთ მისივე დაარსებულ „დითცენბახის“  საერთაშორისო ფესტივალზე. იქ, საქართველოს შემდეგ, უვეს მეორედ შევხვდი.  ყოველ დღე რესტორანში მეპატიჟებოდა წითელი ვარდით ხელში.  მე მარტო არ მივყვებოდი და ამიტომ მას 5-6 ადამიანის გამასპინძლება უწევდა“-   იხსენებს ბელა „მთავართან“

„მთავარი:“  განსხვავებული ეროვნების, წარმომავლობის, შეხედულებების ადამიანები ხართ, შესაბამისად ბევრ რამეში ალბათ ვერ თანხმდებით. კამათობთ?

ბელა მახარაძე:  რა თქმა უნდა, ვკამათობთ, ვკამათობთ კი არა, „შეტაკებაც“ გვაქვს ხოლმე.

„მთავარი:“რაზე გაქვთ „შეტაკება“?

ბ.მ. მაგალითად,  ნაწარმოებზე, ან რამე სხვა თემაზე. ორივეს საკმაოდ მყარი ხასიათი გვაქვს და გვიჭირს დათმობაზე წასვლა.

„მთავარი“:  საქართველოში გადმოსახლების, შემდეგ კი უკან, გერმანიაში დაბრუნების მიზეზი რა გახდა?

ბ.მ: ჩემს მეუღლეს საქართველო ისე შეუყვარდა,  2005 წელს  გერმანიაში სახლი გავყიდეთ და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, რადგანაც ამ პერიოდში ჩემმა მეუღლემ დაარსა „კავკასიური კამერული ორკესტრი“, სადაც მეც ვუკრავდი.  თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი საყვარელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველაფერი შეცვალა. დაფინანსება შეგვიწყვიტეს, ორკესტრი დაიშალა და ჩვენ ისევ გერმანიაში მოგვიხდა წასვლა. უვემ ეს ამბავი ძალიან განიცადა. თვითმფრინავის აფრენისას პირველად ვნახე მის თვალებზე ცრემლი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ორკესტრი ორ წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს შეკრებას და კონცერტების გამართვას ევროპის სხვადასხვა ქალაქში”.

„ბელა პირველი ნახვისთანავე მომეწონა. ძალიან ლამაზი იყო, პატარა, ლამაზი და ემოციური. თბილისში 2000 წელს  ჩამოვედი,  როგორც ლიანა ისაკაძის კამერული  ორკესტრის მოწვეული  დირიჟორი.  ბელაც უკრავდა ამ ორკესტრში და პირველად თბილსში ვნახე.  ცოლი არ მყავდა. ლიანა ისაკაძის სახლში ვცხოვრობდი და ლიანას ვუთხარი, რომ  ერთი გოგო მომეწონა.  არც მენტალიტეტი ვიცოდი ქართველების და არც ენა და ვკითხე რა უნდა გამეკეთებინა ასეთ დროს. ლიანამ მკითხა ვინ იყოო ის. როცა ავუღწერე, აააა, ბელა-ო, ძალიან პატარა გოგო. მაშინ ბელა 25 წლის იყო. ლიანას ვკითხე როგორ უნდა დავკონტაქტებოდი, რადგანაც მე ქართული არ ვიცოდი, ბელამ კი გერმანული. ლიანამ მითხრა ბელა კარგად მღერისო  და მითხრა ერთი სიმღერის შესრულება მეთხოვა მისთვის. რეპეტიციის შემდეგ ასეც მოვიქეცი და ვთხოვე, ქართული სიმღერა ემღერა, რომელიც ჩემთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა“ – იხსენებს უვე ბერკემერი.

ბელამ უვესთვის „წინწყარო“ შეასრულა და უვეც მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის გოგონა იყო, რომელიც მას შეუყვარდა. ამ შეხვედრის შემდეგ, უვე გერმანიაში დაბრუნდა და ძალიან მალე ლიანა ისაკაძის მთელი ორკესტრი ფესტივალზე გერმანიაში მოხვდა. აქ კი ყველაფერი გაირკვა და  ერთ თვეში დაინიშნენ. „სიყვარული რომ ამიხსნა, ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდი და მთელი ღამე თეთრად გავათენე, ჩემი კოლეგები კი მამშვიდებდნენ“ – გვიყვება ბელა.

„საქართველოში რომ რომ ჩამოვედი,  გერმანულის მასწავლებელი ავიყვანე, ენა სწრაფად რომ მესწავლა. თუმცა, ერთი სიტყვაც ვერ ვისწავლე, რადგან  მე ქართულად წერილებს ვწერდი და მასწავლებელი მითარგმნიდა. მთელი სამეცადინო დრო მიდიოდა თარგმანში. მასწავლებელი იმდენად დაინტერესდა, მითხრა მგონი მე შემიყვარდა უვე და რომ ჩამოვა გამაცანიო“ – იხსენებს ბელა.

უვემ ქართული ენაც ისწავლა და ქართული კერძების მომზადებაც. გერმანიაში კერძებს ძირითადად ის ამზადებს. იცის ჩახოხბილი, გუფთა, „სალიანკა“, ხაჭაპური, ბაჟე და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიდედრისგან ისწავლა.

ბერკემერ-მახარაძის წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი ნინა 17 წლის ხდება  და პრესტიჟულ მუსიკალურ გიმნაზია-ინტერნატში სწავლობს. უმცროსი მარი კი 7 წლისაა და ის ჩელოზე უკრავს. ოჯახი კონცერტებზე ტრიოს სახით უკვე გამოდის და მაყურებელი მათ მალე კვარტეტის სახითაც იხილავს.

მათი მორიგი შემდეგი კონცერტი საქართველოში მშობლიურ სოფელ  ნატანებში 17 აგვისტოს  შედგება, რომლის ორგანიზატორი ნაციონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ლაურიატი გულო ნიკოლაიშვილია.

 

მსგავსი თემები