გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა სტაბილურია

გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ჯერჯერობით, დაკითხვა ვერ ხერხდება. ლევან თოფაძე პალატაში მკურნალობს.

დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველის განცხადებით, პაციენტს რამდენიმე დღეში გაწერენ და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ აღნიშნულის შემდეგ ჩატარდება.

„ვეცნობით საქმის მასალებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია.  გავრცელებული ვერსია, ვინ მიაყენა ბრალდებულ ჟვანიას დაზიანება, ვერ გეტყვით, სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით, რომ მალე გაწერენ და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. საგამოძიებო მოქმედებების სწორედ მერე დაიგეგმება“ – აცხადებს ოჯახის ადვოკატი გიორგი ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ, ლევან თოფაძის დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია.   ბრალდებულის ოჯახმა, კერძოდ კი დედამ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაზარალებულ ოჯახს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, ეს შემთხვევა თავად დამართნოდა და არა სხვას.

მსგავსი თემები