ექიმების მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებული ექიმების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციას ესწრება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ბრალდების ვერსია უსაფუძვლოა და დაკავებულებს საქმიანობის ლიცენზია აქვთ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ლიცენზია ვადაგასული იყოს.

ბრალდებულების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის თქმით, არც ერთი საფუძველი არ არსებობს, რომ დაკავებულებს არათუ პატიმრობა შეეფარდოთ, საერთოდ ბრალდებულებად იქნენ ცნობილი.

„მე გადმომეცა საქმის მასალები და გავეცანი სრულიად დეტალურად. მხოლოდ გამიღრმავდა ის საფუძველი, რომ ამ ადამიანების ქმედებაში აბსოლუტურად დანაშაული არ არსებობს არც ერთი მუხლით და არც ერთი კვალიფიკაციით რაც წარმოდგენილია ბრალში. არც ერთი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულს არათუ პატიმრობა შეეფარდოს, საერთოდ ბრალდებულებად იქნენ ცნობილნი და ბრალი წარედგინოთ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია და განსაკუთრებით უსაფუძვლოა თაღლითობის ბრალდება, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. უწყებამ ამ საქმეზე კლინიკის დირექტორი და ერთი ექიმი დააკავა. კიდევ ერთი ექიმის მიმართ კი დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მსგავსი თემები