სწავლა განახლდება, თუმცა, ერთ სივრცეში 20-ზე მეტი ადამიანი ვერ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში, როცა სწავლა განახლდება, საკლასო ოთახსა თუ აუდიტორიაში 20 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდება.

„სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება შესაბამის ღონისძიებებს, ის სტანდარტულად, უცვლელი რჩება.

„ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენება იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებეოის დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები