“მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა” – ანრი ოხანაშვილი

მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს საქართველოს პრემიერობა, მაგრამ მის პოლიტიკურ სისულელეებს რეალიზება არ უწერია, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირება, სავარაუდოდ ექნება.

„მსჯავრდებულ სააკაშვილს ოცნების სახით შეუძლია წარმოიდგინოს ეს, რადგან ამ პოლიტიკურ სისულელეებს არანაირი რეალიზება არ ექნება. შესამაბისად საზოგადოება იღებს გადაწყვეტლებას, როგორც კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ჰგონია, რაიმე სერიოზულს საუბრობს, თუმცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰყავს მხილებული, რომ ის არის კირიმინალური მენტალიტეტის და წარსულის მქონე. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია. ვფიქრობ, ზოგადად მისი პოლიტიკური დღეები უკრაინაშიც მალე დაიწყებს დათვლას, სადამდე გააგრძელებს ასეთი პოლიტიკური სისულელეებით საუბარს?! არ მგონია და წარმოუდგენელია, რომ კანონმდებლობა კრძალავდეს უცხო ქვეყნის საარჩევნო საკითხებში ჩარევას, მაშინ, როდესაც უკრაინის თუნდაც, რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე მყოფი პირი ერევა საქართველოს საქმიანობაში, ეს მოსწონდეს უკრაინის ხელისუფლებას. მგონია , რომ ამ საკითხზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს კრიმინალური რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონე პირების რამე ფორმით ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა ქართულ მედიასთან საკუთარ საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.

„მე შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები