დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები მოწმეთა ჩვენებების დაუშვებლობას და საქმის შეწყვეტას ითხოვენ – შაქარაშვილის საქმე  

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რადენიმე საათში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის დაკავებულ 6 არასრულწლოვანს მიიყვანენ.  წინასასამართლო სხდომაზე მოწმის ჩვენების დაუშვებლობაზე უნდა იმსჯელონ. ადვოკატები ითხოვენ, მოწმეების ჩვენება სასამართლომ დაუშვებლად ცნოს და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ საქმე შეწყდეს.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მოწმეების ჩვენებები არ უნდა იქნეს დაშვებული მტკიცებულებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მოსამართლემ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გარდა აღნიშნულისა,  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაყენებული აქვს უსამართლო ბრალი, რომელიც უნდა შეწყდეს და სასამართლოში არსებითი განხილვისთვის არ უნდა წავიდეს“ – აცხადებს  არჩილ ბერიანიძე, არასრულწლოვნის ადვოკატი.  

კიდევ ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის როსტომ კერესელიძის შეფასებით, საქმეში დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებები გარკვეულ ეჭვებს იწვევს და ცდომილებებია, რაც მტკიცებულებად ვერ გამოდგება.  

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან  არ მინდა, მოწინააღმდეგე მხარეს, ჩვენი სტრატეგიისა და პოზიციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო, ამიტომ ამის გახმაურებისაგან მე თავს შევიკავებ. ის, რომ ჩვენებებში წინააღმდეგობები და აცდენებია, ეს ცხადია და ეს ამ პირების სანდოობაზეც მეტყველებს. ძირითადად, მხედველობაში მაქვს თითქმის ყველა დაზარალებულის ჩვენება.  ღიბრაძე, ქათამაძე, ახვლედიანი, ამირხანაშვილი. ისინი, ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო აღნიშნულ ჩვენებებს დაუშვებლად ცნობს.

შეგახსენებთ რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები