პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაკბენის ფაქტები ხშირია – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, შინაური ცხოველების მიერ მოქალაქეთა დაკბენის ფაქტები პატრონიანი ცხოველისგან უფრო ხშირია, ვიდრე მიუსაფარი ცხოველისგან.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ დღეს განმარტა,  მიუსაფარი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის მამოტივირებელი შესაძლოა იყოს ლეკვები ან კნუტების დაცვის ინსტიქტი, ძირითადად მდედრი ცხოველის მხრიდან, სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს ცხოველის ფსიქიკური აშლილობა, ან თავის დაცვა ადამიანის აგრესიისგან.

“ნებისმიერ აგრესიაზე ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. პატრონები ხშირად არ ზრუნავენ საკუთარი ცხოველის ხასიათის კორექტირებაზე. არ იცავენ გასეირნების პირობებს, მათ შორის ალიკაპის გამოყენებას. ცხოველი უნდა ასეირნო მოკლე საბმელით, ან გრძელი საბმელით და ალიკაპით. ასევე, ასეულობით აშშ დოლარის ღირებულების ცხოველები ჰყავთ, მაგრამ არ იცავენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უტარებენ კასტრაციას, რის გამოც ცხოველი გარბის სახლიდან, ასეთ დროს არ აქვს მას ჩიპი და ვერ ხდება პატრონის დადგენა”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

​მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს ცხოველთა ხროვა, ისინი უფრო აგრესიულები არიან ადამიანების მიმართ.

რაც შეეხება ევთანაზიას, ვახტანგ ლომჯარიას თქმით, პირობები გამკაცრებულია და ეს პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება. ევთანაზია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცხოველს აქვს გადამდები ან განუკურნები დაავადება.

მსგავსი თემები