„მოწმეები მომზადებულები და დარიგებულები არიან“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე ითხოვს, რომ მოწმეების ჩვენებები, რომელიც საქმეში არსებობს, მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„საქმეში დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირების ჩვენებები გარკვეულ ეჭვებს იწვევს და ცდომილებებია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან  არ მინდა, მოწინააღმდეგე მხარეს, ჩვენი სტრატეგიისა და პოზიციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდო, ამიტომ ამის გახმაურებისაგან მე თავს შევიკავებ. ის, რომ ჩვენებებში წინააღმდეგობები და აცდენებია, ეს ცხადია და ეს ამ პირების სანდოობაზეც მეტყველებს. ძირითადად, მხედველობაში მაქვს თითქმის ყველა დაზარალებულის ჩვენება. ღიბრაძე, ქათამაძე, ახვლედიანი, ამირხნაშვილი. ისინი, ვინც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ“ – განაცხადა ადავოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მისივე თქმით, რეალურია რომ სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილოს და მოწმეების ჩვენებები დაუშვებლად ცნოს.

„საუბარია გარკვეულ დეტალებზე, რომელიც ერთ ჩვენებაში არ არის ნახსენები, მეორე შემთხვევაში არის 1 თვის შემდეგ. დასახელებულია ზუსტად სახელი და გვარები, ანუ ის დეტალები, ერთი თვის მერე ახსენდება ადამიანს, მაშინ, როცა პირიქით, შემთხვევის ფაქტიდან ალბათ რაც უფრო ნაკლები დროა გასული. შესაბამისად, ადამიანის მეხსიერებაში უფრო მკვეთრად არის ეს ფაქტები შემონახული. აქედან გამომდინარე, ის, რომ ერთი თვის მერე და თვეზე მეტის შემდეგ ადამიანი იხსენებს თითქოსდა რაღაც-რაღაც დეტალებს, ხელს უწყობს პირდაპირ პროკურატურის პოზიციის გამყარებას, ძალადობასთან დაკავშირებით. ეს ეჭვს აჩენს, რომ ეს მოწმეები არიან მომზადებულები სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, რომ გამყარდეს პოზიცია გიორგი მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით.  მხარს ვუჭერ შუამდგომლობას, რომ ამ მოწმეების ჩვენებები სასამართლომ დაუშველად ცნოს. ეს საკმაოდ რეალურია“ – განაცხადა როსტომ კერესელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები