2 იარაღით და 11 ტყვიით მოკლული გოგონას ოჯახი ბრალდებულისთვის დანაშაულის დამძიმებას მოითხოვს (ვიდეო)

„განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე. რამდენადაც 2 იარაღია გამოყენებული და 11 ტყვია აქვს გარდაცვლილს მოხვედრილი“ – დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულისთვის ბრალდების დამძიმებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდებული იარაღს 3 წლის განმავლობაში ყიდულობდა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ სამი წლის განმავლობაში იგი ყიდულობდა იარაღებს და იარაღის შეძენას სჭირდება ფსიქოლოგიური ცნობა.  დასკვნები ადასტურებს იმას, რომ ადამიანი იყო ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი და ბოლო შეძენა იარაღისა განახორციელა მიმდინარე წლის 12 თებერვალს. გარდა ამისა, დაკავებისას, გამომძიებელთან ურთიერთობისას იგი აბსოლუტურად ადეკვატური იყო და სრულიად დეტალურად იხსენებს ჩადენილ ქმედებებს და ისეთ დეტალებსაც აღწერს, რომელიც შეიძლება ნორმალურ ადამიანსაც არ ახსოვდეს. მაგალითად, კარების მოხურვა, როდის ავიდა და როდის გააღო. ეს დეტალებიც კი ახსოვს და ასახელებს მოტივაციასაც. აქედან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელსაც ეს დეტალები ახსოვს, შეუძლებელია ჩადენის მომენტში შეურაცხადად მივიჩნიოთ“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე თქმით, ბრალდებულის განმარტებით, მკვლელობის მოტივაცია არის ეჭვიანობა.

„ის კონკრეტულ მოტივაციასაც კი ასახელებს და ეს მოტივაცია, მისი თქმით, არის ეჭვიანობა. ბრალდებული კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და არ უნდა მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც მკვლელები და დანაშაულის ჩამდენები თავისუფლად დადიან გარეთ და საფრთხეს უქმნიან დანარჩენ საზოგადოებას. საქმე მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მკვლელობის მუხლით, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ გენდერული მოტივიც გამოკვეთოს.  რ არის გამორიცხული მუხლის დამძიმებაც მოვითხოვოთ, ვინაიდან განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე. რამდენადაც 2 იარაღია გამოყენებული და 11 ტყვია აქვს გარდაცვლილს მოხვედრილი“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები