სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა მოსავალს ბაზარზე თავად გაიტანს – აქცია შეთანხმებით დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილს შორის შეთანხმება შედგა და აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ადგილობრივები მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ და  კორონავირუსზე სწრაფ ტესტსაც გაივლიან.

„ძირითადი პრობლემები, რაც მასიურად აღელვებთ, ეს არის ადგილობრივი მოსავალი, მწვანილი. მოსავალი გააქვს დისტრიბუციას ორგანიზებულად, მაგრამ მოსახლეობას უკმარისობა აქვს, რომ დაბალ ფასში აბარებენ. ახლა კომუნიკაციაში ვარ და დავადასტურებთ დაპირებას, რაც მივეცით, რომ აქედან ორგანიზებულად, დაახლოებით 10 სატვირთო ავტომანქანა გავა ადგილობრივებით. ჩააბარებენ სწრაფ ტესტს ახალ კორონავირუსზე, მათ გააცილებს პატრული ნავთლუღის ბაზარში და როგორც მოსახლეობის სურვილია, პროდუქციის რეალიზება ე.წ. პირველი ხელიდან მოხდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით იმ 85 ოჯახს, რომელიც სოციალურად დაუცველია სასურსათო პროდუქტებით დაეხმარებიან.

„ბუნებრივია, გვინდა ეს გამოწვევაც მოკლე ვადაში დავძლიოთ. დაახლოებით 85 სოციალურად დაუცველი ოჯახია სოფელში. ამისთვის თადარიგი დაჭერილი გვქონდა, შემოვა პროდუქტი და პირველ რიგში, ვისაც ეკონომიკური გაჭირვება აქვს, სასურსათო პროდუქტებით დავეხმარებით. დანარჩენი, საინკუბაციო ვადა არის ორი კვირა, რომელმაც უნდა მოგვცეს სურათი, როგორ დავაჩქაროთ პროცესები“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობამ საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის ჩაკეტვა ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.

მსგავსი თემები