„პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალებს, დღეს, გაერთიანებული ევროპის ეპოქაში, „პოლიტპატიმრებად“ ასაღებთ“ – გოგა ხაინდრავა ანდრიუს კუბილიუსს (ვიდეო)

“თქვენ, ბატონო კუბილიუს, უკვე როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, „პოლიტპატიმრებად“ რაცხთ  სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში,“ – ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს.

ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბლიუსს მიმართავს. კუბილიუსს დისიდენტების ისტორიებს ახსენებს და აღნისნავს, რომ მისთვის გაუგებარია, როცა „კრიმინალებს“ პოლიტპატიმრებად აიგივებენ.

„თქვენ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეს კარგად უნდა გახსოვდეთ, როგორ სჯიდა ბოლშევიკური რეჟიმი საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში და სახელდობრ ლიეტუვაში, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პატრიოტებს, როგორ სწამებდა მათ ცილს, რაცხდა მათ კრიმინალებად და მრავალი წლით „გულაგის“ საპატიმროებში აგზავნიდა. ამ ადამიანების, დისიდენტების თავგანწირვამ, ათწლეულობით გადატანილმა ტანჯვამ და  დაუღალავმა ბრძოლამ მოგცათ შესაძლებლობა თქვენ და ბევრ თქვენს კოლეგას ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, რათა ბრძანდებოდეთ დღეს გაერთიანებული ევროპის პარლამენტის წევრები და იყენებდეთ ამ  პოლიტიკური ინსტიტუტის მაღალ ტრიბუნას საჯარო გამოსვლებისთვის. ეს დიდი პრივილეგიაა პოლიტიკოსისთვის, თუმცა ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების სულების წინაშე, ვინც ამ დიადი მიზნისთვის, იცხოვრო თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროში, საკუთარი ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეც გაწირა! მინდა მოგაგონოთ  მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელები, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მათ სრულ ჩამონათვალს ვერც ერთი წერილი ვერ დაიტევს, კარდინალი სიგიტას ტამკიავიჩუსი, ლიეტუვის ჰელსინკის ჯგუფის წევრები კაროლის გარუცკასი, ვიკტორას პიატკუსი, ტომას ვენცლოვა,  თავისუფალი ლიეტუვის ლიგის დამაარსებელი ანტანას ტერლიაცკისი… ეს ადამიანები და მათი  თანამებრძოლები, ქართველები მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, სომეხი პარუირ აირიკიანი და რუსი ვლადიმირ ბუკოვსკი პოლიტპატიმრები იყვნენ.

ჭეშმარიტი პოლიტპატიმრები, კომუნისტური რეჟიმის მიერ კრიმინალებად შერაცხულები და არა პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები, რომელთაც თქვენ და ზოგიერთი თქვენი კოლეგა, დღეს, გაერთიანებული ევროპის ეპოქაში,  „პოლიტპატიმრებად“ ასაღებთ, რითაც შეურაცხყოფთ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა წმინდა ბრძოლასა და მათ ნათელ ხსოვნას,“ – წერს ხაინდრავა.

ხანიდრავა კუბილიუსს იმ პოლიტიკოსების წარსულს ახსენებს, ვის სეწყალებასაც ევროპარლამენტარი ითხოვდა.

„თქვენ, ბატონო კუბილიუს, უკვე როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, „პოლიტპატიმრებად“ რაცხთ  სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში და ეს მათი ბრალი დადასტურებილია სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ. მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ სწორედ იმ რეჟიმს, რომლის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოტანილი აქვს არა ერთი ვერდიქტი, სადაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმხილებიან სისტემურ, უმძიმეს დანაშაულებებში, ისეთებში, როგორიც არის წამება, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, გატაცებები, ბიუჯეტის ქურდობა, რეკეტი, სხვისი ქონების ძალადობრივი მითვისება! რის გამო, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გადასახადების გადამხდელები იძულებულები ვართ, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების სახით, მილიონობით ლარი გადავუხადოთ დაზარალებულების და მიცვალებულების ოჯახებს, რაც სამართლიანია! ეს განაჩენები და სტატისტიკა ადვილად ხელმისაწვდომია, მით უმეტეს ევროპარლამენტარებისთვის, მხოლოდ მონდომება და პოლიტიკური კეთილსინდისიერება არის საჭირო მათ გასაცნობად.

თქვენ, ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ, „პოლიტპატიმრების“ სინამდვილეში სისხლის სამართლის დამნაშევეები, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟორიკა რურუას განთავისუფლებას. გვემუქრებით რა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტების  მიერ, ამ საერთო საკაცობრიო უბედურების, პანდემიის ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენი საქციელი შესაბამისად არის შეფასებული ქართული საზოგადოების მიერ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც არავინ მსოფლიოში, კარგად ვიცით რა აქვთ ჩადენილი და რას წარმოადგენენ, თქვენთვის „პოლიტპატიმრები“ და ჩვენთვის კრიმინალები რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი. ასევე გარწმუნებთ, რომ თქვენ ამომრჩევლებსაც ლიეტუვაში, კოლეგებს და ოპონენტებს ევროპარლამენტში, აუცილებლად ეცოდინებათ ვის ქომაგობთ თქვენ საქართველოში. აი რა მიზნით და რა მიზეზით, ამის ახსნა მათთვის, თქვენთვის მომინდია.“ – აღნიშნულია გოგა ხაინდრავას წერილში. რეჟისორმა ევროპარლამენტარს ნათარგმნი ტექსტი პირადადაც გაუგზავნა.

ცნობისთვის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი. ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაფრთხილება მისცა ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზების თავიდან არიდების შესახებ. კუბილიუსი აცხადებს, რომ ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. 


მსგავსი თემები