ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები