„კრიმინალური ავტორიტეტები“ მოქალაქეებს და მეწარმეებს ფულს სძალავდნენ და „ობშიაკს“ ავსებდნენ

სამართალდამცავებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი „კრიმინალური ავტორიტეტები“ დააკავეს. ისინი „კანონიერი ქურდების“ დავალებებით მოქმედებდნენ და მოქალაქეებსა და მეწამეებს სხვადასხვა ოდენობის ფულს სძალავდნენ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განაცხადებით, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ და “ქურდული სამყაროს” წევრები – ლ.ბ. და კ.კ. “კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და “ქურდული გარჩევის” გზით, “კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.

პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები