„ორი წელია, ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა“ – ცესკო

არასამთავრობო სექტორი ცესკოს დიდი ოდენობით პრემიებისა და დანამატების დარიგებაში ადანაშაულებს. ცესკო-ში კი აცხადებენ, რომ თანხა არ მიუღიათ.   

„ორი წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა, გაიცემა მხოლოდ დანამატი, ყველა თანამშრომელზე მხოლოდ საარჩევნო პერიოდში“, – ამის შესახებ ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ბუსკივაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა შრომის ანაზღაურების ახალი კანონმდებლობა და ყველა საჯარო უწყებასთან ერთად ცესკო აღნიშნულ რეკონსტრუქციას დაექვემდებარა.

„უცნაურია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, რადგან უმრავლესობა მათგანი მიეკუთვნება საკანონმდებლო საკითხებს და სცილდება ცესკო-ს კომპეტენციას, ხოლო ნაწილი მათგანი უკვე საარჩევნო პრაქტიკაში დანერგილია და სრულდება კიდეც. ასევე გაურკვეველია, რა საჭიროებებს უკავშირდება ამ ორგანიზაციის ანგარიში, რადგან ეს ორგანიზაცია არ მუშაობს ექსპერტულად ფინანსურ საკითხებზე. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ეს პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე, კანონთან სრულ შესაბამისობაში და ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია. ორი წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა, გაიცემა მხოლოდ დანამატი, ყველა თანამშრომელზე მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. კანონმდებლობის შესაბამისად, სარგო და დანამატი სხვადასხვა კატეგორიაა და არის კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.

შეგახსენებთ, რომ  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე. ორგანიზაციის დირექტორის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია და გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა.

მსგავსი თემები