“მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უკეთესი შედეგი დროულმა და მულტისექტორულმა საპასუხო ღონისძიებებმა განაპირობა.

გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება არ მოადუნონ.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცოტა მოვეშვით და ეს არ შეიძლება. რომელიმე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანასთან ან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგი დავდეთ იმიტომ, რომ გვქონდა ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი. ყოველმხრივ იმუშავეს, საზღვარმა იმუშავა, პოლიციამ იმუშავა, ჩემს კოლეგებზე აღარ ვსაუბრობ, ქვეყანაში კარანტინის სისტემამ იმუშავა ძალიან კარგად და დღესაც მუშაობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში, საკარანტინო სივრცეებში დაახლოებით 200-დან 250-მდე ინფიცირებული გამოვლინდა.

„ეს ნიშნავს, რომ თითოს ორზე, სამზე გადაედო. ე.ი. 500-600-700 შემთხვევა ავიცილეთ თავიდან კარანტინებიდან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ეს პროცესი ქვეყანაში ისევ გრძელდება. შემსუბუქება ყველა მიმართულებით წავიდა. შემსუბუქებას ყოველთვის ახლავს ცოტა მატება. წინა კვირაში რაც გვქონდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს წინა კვირის მატება მაინც იყო ორი ცხელი წერტილის ხარჯზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები