ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია 20-22 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიური კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება. ტრადიციული ბლოკების გარდა კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად იქნება წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ეროვნული არქივის პრესსამსახურში განუცხადეს, კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინარული და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

მათივე ინფორმაციით, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; არქივმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.
ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთაგან თეზისების მიღება უკვე დაიწყო.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/conference

მსგავსი თემები