„ჯანდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტები ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი“  – სამედიცინო ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

„სახელმწიფოს, კერძოდ კი ჯანდაცვის სამინისტროს, თავისი რეგულაციებით, სამედიცინო თუ კრიმინალისტიკური ექსპერტები ქეჩოთი ჰყავს დაჭერილი და ავალდებულებს იმ რეგულაციებს დაემორჩილოს, რაც არაფრის მომცემია“ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და განაცხადა, რომ არსებული რეგულაციები შესაცვლელია.

ექსპერტიზის განადგურების ერთ-ერთ მიზეზად,  ექსპერტმა სწორედ არსებული რეგულაციები სა საბჭოური სტანდარტები დაასახელა.

„დიახ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ყელში ყავს წაჭერილი დამოუკიდებელი ექსპერტი. არსებობს ისეთი რეგულაციები, რომელიც არავის არაფერში სჭირდება, თუმცა, სჭირდება სამინისტროს, რომ  ქეჩოთი დაგიჭიროს. აი მაგალითად,  არსებული რეგულაციები მავალდებულებს, მინდა თუ არა, მაქვს თუ არა, სამედიცინო ნარჩენების გატანაზე, ხელშეკრულება გავაფორმო კონკრეტულ ორგანიზაციასთან. არადა, სამედიცინო ნარჩენები არ გამაჩნია; ასევე, უნდა მქონდეს ლაბორატორია, რაც არც მჭირდება და მილიონები ღირს. მილიონები რომ მქონდეს მორგს გავხსნი?“ – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, მას, არსებულ რეგულაციებზე შეხვედრა ჰქონდა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან, თუმცა, საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.

„დიახ, მქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან და დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, რაც კლავს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რაც ქვეყნის დიდი მონაპოვარია. ყველა ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი ექსპერტები. არ ჰყავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. ჩვენ ეს გვქვს, თუმცა, ვანადგურებთ. ეს საკითხი მას შემდეგ წამოვწიე, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიებაში პრობლემებია, დიახ, პრობლემებია და ამ პრობლემებს ქმნის არსებული სისტემური და საკანონმდებლო რეგულაციები“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები