წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია სამსახურეობრივი ავტომანქანით დააკავეს. დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, დააკავეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. არსებული დანაშაულის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.