„17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები“ – შინაგან საქმეთა სამინისტრო

„გოგონასთან მუშაობდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია,“ – ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

ჭელიძე იმ მოკვლეულ მასალებზე საუბრობს, რაც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით:

„გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.
გოგონასთან მუშაობდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია .

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მსგავსი თემები