“ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებიც” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულნი არიან.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკამყოფილებელია.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ბაზრობებზე ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

„სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ გვქონდა გარდაცვალების მე-16 შემთხვევა. 72 წლის მამაკაცს ჰქონდა საკმაოდ მძიმე თირკმელების ქრონიკული დაავადება. ის იმყოფებოდა დიალიზზე. სწრაფად განვითარდა ინფექცია, სამწუხაროდ, ასევე ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრები, თუმცა კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. კერძოდ, აუცილებელია თერმოსკრინინგი, სადაც გამოვლინდება შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანები, მათი ტესტირება და კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცის ინფიცირების წყარო კვლავ დაუდგენელია.

„მიმდინარეობს წყაროს მოძიება. ის დიალიზზე იმყოფებოდა და ჩატარდა გაფართოებული ტესტირება. ყველა სამედიცინო პერსონალში და დიალიზზე მყოფ ადამიანებში ჩატარდა ტესტირება, საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე ყველა უარყოფითია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები