“უკრაინის მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან” – ავტობუსის გამტაცებლის მოთხოვნა ლუცკში

უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ აცხადებს, როგორც ის ამბობს ტერაქტებს გააგრძელებენ.

გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.

მსგავსი თემები