ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნა ლოგიკას არ ექვემდებარება – მარკ ჰულსტი  

გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს 2 485-მა მოქალაქემ მიმართა და დროებითი საცხოვრებელი მხოლოდ 1%-მა მიიღო. გერმანიის შემდეგ მეორე ადგილზეა შვედეთი, სადაც 2018 წელს საქართველოს 490-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი, მესამეზეა ბელგია, სადაც თავშესაფარი 471-მა ემიგრანტმა ითხოვა.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს ​გამართულ პრესკონფერენციაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მარკ ჰულსტმა განაცხადა, გერმანიაში, ემიგრანტებს მხოლოდ ორი სტატუსის მიღება შეუძლიათ, ლტოლვილის სტატუსის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ვერ იღებენ და დროებითი საცხოვრებლის მიღების სტატუსი, რომელიც ენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვადასხვა მიზეზის გამო, თავის ქვეყანაში ვერ ბრუნდება, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

მისივე ინფორმაციით, შვედეთში ნულის ტოლია ორივე ტიპის სტატუსის მინიჭება და შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოდან მიგრაციის ტალღის შესაძერებლად.

“შვედეთი ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და კეთილი ინებეთ და მიბრძანდით უკან საქართველოში, თუ არა საკუთარი ნებით არა, სამწუხაროდ, ძალის გამოყენებაც ზოგჯერ საჭირო ხდება. წლების წინ, ​საფრანგეთიც ცოტა უფრო ლოიალური იყო თავშესაფრის მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუმცა, მას მერე, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ჩასვლა უვიზო გახდა, საფრანგეთი იმავე მორალური მიდგომით არ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ და წესებიც გამკაცრდა, რაც  სავსებით ლოგიკურია. ქვეყანა 3 თვის განმავლობაში უვიზოდ დარჩენის შესაძლებლობას რომ გაძლევს, ეს არ ნიშნავს იქ თავშესაფარი მოითხოვო. თავშესაფრის მომთხოვნები შედეგად იღებენ იმას, რომ ასეთ ემიგრანტებს ისეთ ცენტრში აძლევენ თავშესაფარს, სადაც პირობები მისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს და იმაზე უარესი, ვიდრე საქართველოში ცხოვრებაა. ოჯახებით თუ მიდიან, ბავშვებისთვის რთულია, რადგანაც სკოლაშიც ვერ დადიან, არიან გაურკვევლობაში და ცუდ მგდომარეობაში ვარდებიან”, – აცხადებს მარკ ჰულსტი.

​მისივე შეფასებით, ამის გამო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, რადგან საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევას არ აქვს საგანგაშო მასშტაბები. ბოლო ხანების  ტენდენცია დადებითია და მიგრანტთა ტალღის კლება შეიმჩნევა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, აქტიურად წარმართოს სოციალური კამპანია და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ელით ემიგრაციაში წასვლის შემთხვევაში, რომ ევროპაში წასვლა არ არის გზა მიზნის მისაღწევად, ასეთ საინფორმაციო კამპანიას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, საქართველოს პასპორტი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ იყოს შესაძლებელი.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პასპორტი ევროპაში დიდი ნდობით სარგებლობდეს. ​ვინც ევროპაში მოდიან საქართველოს პასპორტით, ხშირად არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პასპორტი იყოს მაქსიმალურად დაცული, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ იყოს შესაძლებელი”, – აცხადებს ჰულსტი.

მსგავსი თემები