„მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე

„სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას“ –  ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია და  ეს არ არის ტრაგედია ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა.

„ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე, საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ, ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება. ამის მორალური ფაქტორის შეფასება, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და პირველ რიგში, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას. მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია. ეს არის უაღრესად ცუდი, იმიტომ, რომ მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები