„ბავშვს 6 კაცი მისდევდა და მოკლეს… თუ სასამართლოში საქმე განზრახ მკვლელობით არ წავა, ცუდი რამე მოხდება“ – გარდაცვლილის ბიძა

გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა პირველი სასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება. გარდაცვლილის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობს რომ სასამართლოში საქმე სწორედ 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არავის დაინდობს.

„ექსპერტიზის დასკვნით გავიგეთ, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა. კომპლექსური ექსპერტიზით, რომელიც დანიშნულია, კიდევ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ,  ბევრ რამეს ველოდებით ამ კომპლექსური ექსპერტიზით. ჩვენი მოთხოვნა კატეგორიულია, საქმე სასამართლოში უნდა  წავიდეს  განზრახ მკვლელობის – 109-ე მუხლის კვალიფიკაციით.  გამოძიებაში ჩემი ეს კატეგორიული პოზიცია კარგად იციან. ახლა გვერდში ვუდგავარ და  ყველანაირად ვეხმარები, მაგრამ როგორც კი იმას დავინახავ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განზრახ მკვლელობის მუხლით არ წავა, ძალიან ცუდი ამბავი მოხდება. ვაცდი, ამისი დამტკიცება რთული არ არის, ბავშვს 6 კაცი მოსაკლავად მისდევდა და მოკლედ და რა რთული დასამტკიცებელია?“ – განუცხადა მირიან ნიკოლაძემ „მედიაცენტრ მთვარს“.

მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვა ყველასთვის ცნობილია.  ეს არის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში მსხდომთა მიმართ სასამართლოში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით წავიდეს. თუმცა, პროკურატურა რას იზამს, მათი გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში 6 პირი იყო და ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს მისდევდა.  

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები