ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა, სამხედროები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

“10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება.

ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს COVID-19 არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში. სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის. აღსანიშნავია, რომ მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების დრო დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები