ბინები დაუკანონდებათ, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ სამხედრო პირებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ხუთი ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში გადაეცემათ.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივას მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა. ბინები დაუკანონდებათ, როგორც მოქმედ, ისე ყოფილ სამხედრო პირებს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს ინიციატივა და მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა პრობლემას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ პრაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აღნიშნულ ბინებში. ეს ვითარება პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები