„სასამართლო შემადგენლობა ისე დაიშალა პირველი პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილა არ არსებობს – დროულად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება“ – ოჯახის მიმართვა (ვიდეო)

„ვიბრძვით იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე ზვიად გამსახურდიას საქმეზე, თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაზარალებულადაც არ იყო ცნობილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

გიგუაშვილი იმ პრობლემაზე საუბრობს, რაც მისი მოსაზრებით ქართულ მართლმსაჯულებაში ხშირად აწყდებიან დაზარალებულები. ამირან გიგუაშვილი ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ითხოვს:

„საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე დაზარალებულადაც კი არ იყო ცნობილი, 2017 წელს მივაღწიეთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შეზღუდულ დროსა და ოთახში გავეცნოთ საქმის მასალებს, ის რომ წავიღოთ საქმის მასალები , გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ დასკვნები შეუძლებელია, ანუ პრობლემაა ინფორმაციული ვაკუუმი.

ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ იმ ნორმის ბათილობა, რომელიც უკრძალავს დაზარალებულს საქმის მასალების ასლების გადაღებას, სასამართლომ ეს საქმე მიიღო წარმოებაში, რადგან საჯარო ინტერესი იყო მაღალი, ეს განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, მაგრამ ფაქტობრივად წელიწადზე მეტი გავიდა და გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, ისე დაიშალა სასამართლოს ეს შემადგენლობა, რომ გადაწყვეტილება პირველი პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით დღემდე გამოქვეყნებული არ არის, იმ შემადგენლობიდან წასულია ორი მოსამართლე, ამიტომ მივმართავ მათ დროულად გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რაც წელიწადნახევრის წინ უნდა ყოფილიყო ცნობილი.“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება


მსგავსი თემები