„ვიბრძვით, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე სიმართლე დადგინდეს“ – პრეზიდენტის ოჯახის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი, ამ დრომდე საქმის მასალებზე წვდომას ელოდება. მოუხედავად იმისა, რომ ოჯახი ცნობილია დაზარალებულად, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა. საგამოძიებო მასალები მიიღონ. ამ თემაზე ოჯახის ადვოკატმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა:

„2019 წლის 28 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

დასახელებულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

საქმეს განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 2019 წლის 28 მარტს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოცხადებული.“-აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2019 წლის მარტში მათი სარჩელი განიხილა, დღეს ორი მოსამართლე კოლეგიაში აღარ არის. აქედან გამომდინარე გიგუაშვილისთვის გაუგებარია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, ვინაიდან მისივე განმარტებით, დღემდე რაიმე ინფორმაცია მათთვის, როგორც მოსარჩელისთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს შეეხება ყველა დაზარალებულს და ისინი აღარ იქნებიან მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე დამოკიდებულები.

„ამ საქმის საჯარო ინტერესი არის ძალიან მაღალი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა დაზარალებულს ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და ისინი არ იყვნენ დამოკიდებულნი პროკურორების კეთილ ნებაზე და არ უწევდეთ საქმის მასალების გაცნობა გამომძიებლების ოთახში, მათი ზედამხედველობის ქვეშ. წარმოიდგინეთ, როგორი შვება იქნება ეს ყველასთვის, რადგან ხშირად დაზარალებულების უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ იციან რა ხდება საქმეში და დამოკიდებულნი არიან ადვოკატების თუ პროკურორების მიერ მიწოდებულ ზეპირ ინფორმაციაზე. ამიტომაც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც პირველი პრეზიდენტის საქმის საჯარო მნიშვნელობიდან, ისე თითოეული დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება


მსგავსი თემები