თბილისის ისტორიულ-კულტურულ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება

  •  

თბილისის ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონებში შესაძლოა ახალი მშენებლობების ნებართვები აღარ გაიცეს, თუმცა, ყველა მიმდინარე მშენებლობა დასრულდება, მათ შორის საუბარია „პანორამა თბილისის” პროექტიც. ამგვარად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხელახლა დამკვიდრდება ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს,  საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მსგავსი ზონები დაზუსტდეს და მათი რევიზია განხორციელდეს, ასეთ არეალებში მოყვება მთაწმინდისა და ვერი ფერდები, ზემო ვერა, ორთაჭალის მიდამოები.

„ როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი რეალობა. ჩვენ ვამკვიდრებთ და ვაბრუნებთ ამ ზონას დოკუმენტში, სადაც ვითვალისწინებთ მესაკუთრეთა უფლებებს. ამ ზონაში ასევე შედის შინდისის და მიმდებარე სოფლების საკუთრებებიც, ზემო ვერის საცხოვრებელი სახლებიც, გარდა თაბორის ტერიტორიისა“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ერთმნიშვნელოვანია ის, რომ თბილისს აქვს როგორც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, ასევე ძველი თბილისის ზონა და მისი მომიჯნავე ტერიტორიები, რომელთა შიგნით სამართლებრივი რეგულირებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხელახლა უნდა გადაიხედოს და დედაქალაქის მთავრობამ არ უნდა იხელმძღვანელოს 1985 წლის ნორმატიული აქტით.

” ზონის დაზუსტების შემდეგ იქ ახალი მშენებლობები არ განხორციელდება, თუმცა, არსებული მშენებლობების, მათ შორის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა არ შეჩერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში ახალ ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა“, – განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი თემები