„მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით თუ გადალახეთ ბარიერი „ – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ, რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანა არის როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“,-ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვერც ერთ საკითხზე, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ისინი არგუმენტს ვერ წარმოადგენენ. მისივე თქმით,  ეს პროექტი ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ეს პროექტი არის დროებითი ღონისძიებების შესახებ, რომელიც  „ქართული ოცნების“ გუნდმა და  მთავრობამ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უნდა გაატაროს.

„დაისვა საკითხი, რომ თურმე საგანგებო ვითარების მსგავს მდგომარეობას ვაცხადებთ, თურმე ამას გამოიყენებს ბოროტად მთავრობა, თურმე არის რისკები და პირდაპირ ავტოკრატიის შემოღება ხდება და მგავსი პოლიტიკური არაკორექტული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები. მე მგონია, რომ თქვენ მართლა გგონიათ, რომ კონსტიტუციის და კანონის დაცვა მარტო პარლამენტს ეხება და მთავრობას არ ეხება. წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული ფაქტი და შემთხვევა სად გამოიყენა მთავრობამ ბოროტად უფლებამოსილება, სად არ მოხდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა კონსტიტუციის შესაბამისად, ასეთს ვერ წარმოადგენთ.

რაც შეეხება იმ იდეას და იმ პროექტს, რომელიც წარმოადგინა ბატონმა დიმიტრიმ, ეს არის ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით განპირობებული. სხვა მიზანი ამ პროექტს არ გააჩნია. ამ პროექტს, რომელიც დღემდე მოქმედებს, კი ერქვა და ქვია უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, მაგრამ რეალურად, ჩვენ ამ კანონის მოქმედების ფარგლებში არა თუ უფრო შევზღუდეთ უფლებები, პირიქით, კიდევ უფრო გავხსენით მთელი რიგი საქმიანობა, შევამსუბუქეთ ეს შეზღუდვები და ამით ნათლად დასტურდება, რომ არავის მიზანი არაა დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები. ერთადერთი მიზანი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა და პირდაპირი მოვალეობა არის, რომ ფაქტის და რისკის წინაშე არა დააყენოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა. ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ზოგიერთი კოლეგა ბრიფინგებს ატარებდა როგორი მოუმზადებელი ხვდებოდა საქართველო. თურმე შედეგის თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული და მომზადებული ქვეყანა აღმოჩნდა ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით საქართველო“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 მისვე განცხადებით, ოპოზიცია ვერ დაასახელებს ვერც ერთ უფლებას, რომლის შეზღუდვაც შესაძლოა დაჭირდეს მთავრობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არ არის შეზღუდვადი.

„აქ არ არის საუბარი არჩევნებთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაზე. ამას არ ვეხებით. ჩვენი ამოცანაა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად იმიტომ განვახორციელეთ საარჩევნო კანონმდებლობაში უპრეცედენტო ცვლილებები, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტით და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს პროცესი. ამიტომ, არანაირი ინტერესი არ გვაქვს იმის, რომ რაიმე ფორმით თქვენ მოგცეთ საბაბი საუბრის და შემოდავების, რომ თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით ვინმე რამეს გეგმავს. არანაირად. ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოდ, მაღალი დემოკრატიის სტანდარტით, მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები