მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

კომიტეტმა პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, დიმიტრი მხეიძის, ზურაბ ხაჩიძის და ილია ნაკაშიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილა.

ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა  შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.  ინიცირებული კანონპროექტით  ეს ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

საკითხი დიმიტრი ხუნდაძემ გამოიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ფონზე, მიუხედავად კოვიდ-19 -თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებული ბრძოლისა, პანდემიით გამოწვეული ვითარება ჩვენი ქვეყნისთვისაც კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება. არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად, აუცილებელია 2020 წლის 22 მაისის საკანონმდებლო ნორმების მოქმედების ვადის გაგრძელება, რაც მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს.

“მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19 -თან ბრძოლის გზაზე საქართველომ მიაღწია გამორჩეულად პოზიტიურ შედეგს, ჩვენ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. სპეციალისტთა უმრავლესობა ადასტურებს მოსალოდნელ მეორე ტალღას, ამისთვის ქვეყნები უკვე ემზადებიან. შეინიშნება ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაც, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენც ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, უნდა მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებას საშუალება ჰქონდეს კრიზისი მართოს სწორად, ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ვადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონს ახალ წლამდე იმისთვის, რომ მთავრობამ შეძლოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს კრიზისი, დაიცვას როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე ქვეყნის ინტერესები”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით ისაუბრა ამ ცვლილებების მიზნებზე და განაცხადა, რომ ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს პოზიტიური შედეგი მიიყვანოს ბოლომდე, რომ საარჩევნო პროცესი მართოს სწორად, არჩევნები ჩაატაროს კონსტიტუციურ ვადებში და არავითარ გადავადებებს და სხვა რაიმე წინაპირობებს არჩევნების არ ჩატარების არ ჰქონდეს ადგილი.

განხილვა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გარეშე არ უნდა ჰქონდეს შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელების უფლება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, გვიახლოვდება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა, ამასთანავე პრაქტიკულად შევედით საარჩევნო პროცესში და შესაძლოა არჩევნები გახდეს ბიძგი ინფექციის გავრცელების, რამე თუ კონტაქტები მატულობს და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას პარლამენტმა უნდა მისცეს ის ბერკეტი, რომ როგორც აქამდე სწორად მართა ეს პროცესი, ამის შემდეგაც პოზიტიური შედეგი მიიყვანოს ბოლომდე – დაიცვას როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე ქვეყნის ინტერესები. რაც შეეხება პარლამენტის როლს, ეს ზუსტად ის როლია, რომ ჩვენ ვაძლევთ ბერკეტს და კონტროლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, პარლამენტს რჩება და ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გააკონტროლოს ხელისუფლება, დასძინა მან.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა  ილია ნაკაშიძემ, კობა ნაკაიძემ, დიმიტრი მხეიძემ, მირიან წიკლაურმა, ვლადიმერ კახაძემ, რომელთაც კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ განმარტეს ცვლილებების მიღების აუცილებლობის თაობაზე.

მათი შეფასებით, ცვლილებები კანონში ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მიღებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვიდან გამომდინარე. მათი აზრით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მით უმეტეს ეს იქნება დროებითი ღონისძიება. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება აუცილებელი, დაგვჭირდება შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება და, მათ შორის, არჩევნების ჩატარებასაც შეექმნება  საფრთხე, ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ხელისუფლებას გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების საშუალება უნდა მიეცეს.

„წართმეული ან დაკარგული სიცოცხლის აღდგენას ვერ შევძლებთ, ამიტომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. ამიტომაც ეს არის პრევენციული კანონი“, –  ასე შეაფასა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ განხილვის დასასრულს კანონპროექტი, რომელმაც საბოლოოდ კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღო.

პარლამენტი კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს. იგი დღესვე წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი III მოსმენით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. მის თქმით, მეორე მოსმენის შედეგად შენიშვნები არ ყოფილა და კანონპროექტში არც რედაქციული ცვლილებები განხორციელებულა.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.​

მსგავსი თემები