ბიძინა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილის მუშაობის ინერტული სტილი არ მოსწონდა

  •  

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის მთავრობის ძველ შემადგენლობასა და ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მუშაობის ინერტულ სტილ უწუნებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა ძალიან მძიმედ და ძალიან ხშირად პრემიერი საქმის კურსში არ იყო თითოეულ სამინისტროში რა ხდებოდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტელეინტერვიუში განაცხადა, საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას თავად ღებულობს.

“ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მმართველობისგან. ასეთი კაცი ჩვენ გვყავდა და კარგად გახსოვთ, ალბათ, უახლეს წარსულში მსახიობებს, არქიტექტორებსაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კაცისგან”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე შეფასებით, ახალ პრემიერ მამუკა ბახტაძეს კომპეტენცია ჰყოფნის საიმისოდ, რომ მთავრობა თავად დააკომპლექტოს, თუმცა, გარკვეული კონსულტაცია მასთან მაინც გაიარა.

“ჩვენ გვყავს სამი ახალი მინისტრი. მე შევხვდი ქობალიას მისი სურვილით და გავიცანი. ორ მინისტრს არ ვიცნობ – მაჭავარიანს და ბატიაშვილს, მგონია, რომ მომავალში მოვახერხებ და გავიცნობ. ესეც ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი აკეთებს თავის საქმეს. მთავრობა მისი შერჩეულია, გარკვეული კონსულტაცია ჰქონდა ჩემთან, ეს ნორმალურია და არა ის, რომ მე ვირჩევდი. ბახტაძე იქნება პრემიერ-მინისტრი და მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე, აი სწორედ ასე განვითარდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები