მამუკა ბახტაძის ინიციატივების შედეგად ეკონომიკის ზრდას მივიღებთ – ბიძინა ივანიშვილი 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ახალი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს და მას ეს ინიციატივები ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროსაც ჰქონდა, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

​როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას განაცხადა, მამუკა ბახტაძის არჩევაში მას მიუძღვის წვლილი და მიაჩნია, რომ ის კომპეტენტურია გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში მან ბევრი კარგი პროექტი შესთავაზა მთავრობას და ინოვაციური წინადადებები ჰქონდა.

“უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოეს წლებში, სიტუაცია გარდატეხა შევიტანოთ, ეკონომიკა როგორმე მივუახლოოთ დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა ქვეყნის სტაბილურობა ნაკლებად მოწყვლადი გავხადოთ. ასეთ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილმა ახალი მთავრობა შეაფასა და განაცხადა, რომ თავისი ​წინამორბედისგან განსხვავებით მამუკა ბახტაძე ყველა სამინისტროს საქმიანობაში ერევა და ყველა მათგანის პრობლემებს იცნობს.

„სხვა დანარჩენი ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, რამდენად სწორად შერჩეული და დაკომპლექტებულია მთავრობა. მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას ურთიერთობა პარლამენტთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, მარგველაშვილსაც შეახსენეთ ეს, სულ რომ სააკაშვილს უნდა შეედაროს ხელისუფლების სიჭარბით. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ასეთი კონსტიტუცია, ძირითადი ტრიბუნა უნდა იყოს პარლამენტი. პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და არის კიდეც”, – აცხადებს ივანიშვილი.

მსგავსი თემები