„სარალიძის საქმეში არ დაიჭირეს, შაქარაშვილის საქმეში კი მეტობით დაიჭირეს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

 „სარალიძის საქმეში პროკურორი იმას გადაჰყვა, რომ სათანადოდ არ დაიჭირა, ხოლო ამ საქმეში, იმას გადაჰყვება, რომ მეტობით დაიჭირა“- ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის – თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ გააკეთა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და კონკრეტულად არც გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან ჰქონია შეხება.

ადვოკატი ამ საქმეს და დავით სარალიძის გარდაცვალებას შორის პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობის აღება პროკურატურას მოუწევს.

„ასეთ გახმაურებულ საქმეში, სადაც 17 პირია დაკავებული არ ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი…. მსგავსი რამ არ მომხდარა ჯერ. გახსოვთ ალბათ დათუნა სარალიძის საქმე , იქ პროკურორი გადაჰყვა იმას, რომ არ დაიჭირა სათანადოდ. მგონი, აქ გადაჰყვება იმას, რომ ზედმეტად დაიჭირა. ვინაიდან იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე  არიან ეს ბავშვები დაკავებულები“- განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 17 ადამიანი. მათ შორის, ერთ-ერთია თენგო ბარბაქაძე, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ბრალდება 4 დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები