“დავარცხნილად“ ლაპარაკი არ შემიძლია, მე შემიძლია „დავარცხნილად“ საქმის კეთება, შემფასებლები კი ამომრჩევლები არიან“ – ენზელ მკოიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი ერთ-ერთი რთული რეგიონიდან – სამცხე-ჯავახეთიდან, ენზელ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის წევრია, პარლამენტის სხდომებს არასდროს აცდენს, თუმცა, ტრიბუნასთან არავის ახსოვს. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა ფასი აქვს დეპუტატობას, საკანონმდებლო ორგანოში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ასე უპასუხა:

„ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ ჩემი ტექნიკური განათლებით. კერძოდ, ერევანში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე, ეს იგივეა, როგორც თბილისში „კომაროვის სკოლა”. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ესეც ტექნიკური მიმართულებაა, კერძოდ, ერევანში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. რატომ გეუბნებით ამას? პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ტექნიკური განათლება ლაპარაკთან ცოტა დაშორებულია. მე ლამაზად, „დავარცხნილად“ ლაპარაკი არ შემიძლია, თუმცა, მე შემიძლია ლამაზად და „დავარცხნილად“ საქმის კეთება და ამისი საუკეთესო შემფასებელი ის ამომრჩეველია, რომელიც ამდენი წელია, ნდობას მიცხადებს“.

რაც შეეხება საპარლამენტო ტრიბუნასთან პასიურობას, დეპუტატის პასუხი შემდეგია: „უნდა ვაღიარო, რომ საპარლამენტო ტრიბუნასთან არ გამოვირჩევი აქტიურობით, თუმცა, ასევე გეტყვით და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ პარლამენტის სხდომებს არასდროს ვაცდენ, არც კომიტეტის სხდომებს და თუ კომიტეტებს დაესწრებით ნახავთ, რომ იქ საკმაოდ აქტიური ვარ. მთავარი საკითხები სწორედ კომიტეტებში წყდება, სადაც საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული. რაც შეეხება ხალხთან მუშაობას, როგორც ახალქალაქში ისე ნინოწმინდაში აქტიურად ვმუშაობ და ადგილობრივებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში ვეხმარები. სწორედ ამის გამო მაქვს მაღალი რეიტინგი ყოველ წელს. ეს შემთხვევითი არ არის, და ჩემი აქტიურობისა და ხალხთან თანამშრომლობის შედეგია. შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და თავად ნახოთ, ბიუროში კვირაში 2-3-ჯერ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებიც მაქვს“.

„მედიაცენტრი მთავარის“ მორიგ კითხვას: თქვენ გესმით ქართული და საუბრობთ კიდეც ქართულ ენაზე, რატომ არ საუბრობთ ქართულად და რატომ ამბობენ თქვენზე, რომ სახელმწიფო ენა არ იცის? „ეს ჩემი მინუსია. მესმის სახელმწოფო ენა, მაგრამ ცუდად ვსაუბრობ. ვაღიარებ, რომ გარკვეულწილად კომპლექსიც მაქვს. ეს ალბათ უფრო ჩემი ტექნიკური განათლების ბრალია, ენებთან ვერ ვმეგობრობ, თუმცა, მესმის და ვსაუბრობ კიდეც. დარწმუნდით, ხომ გესაუბრებით ქართულად, თუმცა ჩემი ქართული გამართული არ არის“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს

მსგავსი თემები