საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია და ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, თუმცა დგომის აკრძალვა გათვალისწინებული არ არის.
„ამ ეტაპზე ჩვენ საარჩევნო კოდექსით ვკრძალავთ მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებას 25-მეტრიან რადიუსში და იკრძალება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, მაგრამ დგომის აკრძალვა საარჩევნო კოდექსით არ არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება 500-მეტრიან აკრძალვას, ეს საერთოდ კომიკურია. მაგალითად: პარლამენტის გვერდით, პირველი სკოლის შენობაში არის საარჩევნო უბანი და რომ დაწესდეს 500-მეტრიანი კი არა, 50-მეტრიანი რადიუსი, ადამიანებს აეკრძალებათ გაჩერებაზე დგომაც კი.
ეს არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი და კომიკური. კარგად ჩანს, რომ მათ ინტერესებში არ არის 25- მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის დგომის აკრძალვის უზრუნველყოფა. ანუ, ძალიან მარტივად გაიშიფრნენ ისინი ამ პასუხებით“,- განაცხადა კობახიძემ.