საბერძნეთში, სტიქიის ზონაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ  

​საბერძნეთში, ხანძრის შედეგად დაკარგულებს შორის ქართველ ემიგრანტს, მარიამ მახარაშვილს ეძებენ. ის მატში, 86 წლის მოხუცებულს უვლიდა. მასთან ტელეფონით დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს”ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, მარიამ მახარაშვილს ბოლოს რომ ესაუბრნენ, უთქვამს რომ ხანძარია იქ სადაც იმყოფება. მასთან დასაკავშირებლად პირადი ტელეფონის გარდა, ქართველ ემიგრანტებს სხვა ნომერი არ აქვთ და თუ ვინმემ იცის მარიამის ადგილსამყოფელი, სთხოვენ დარეკონ ტელეფონის ნომერზე – 6995810002.

“ვისაც გააჩნია ნებისმიერი ინფორმაცია ქალბატონი მარინას შესახებ, გთხოვთ დარეკეთ: 6995810002” , – აცხადებენ დიასპორაში.

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, არაოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 50 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავებულია. მატი საკურორტო სოფელია, სადაც განთავსებულია საზაფხულო ბანაკები მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობს ათობით სახანძრო მანქანა, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი.

საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში გამოცხადებულია საგანგებო ვითარება.
​როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, ხანძრის სამი დიდი კერა არსებობს,  ქალაქების – კალამოსის და კინეტას ახლოს.

მსგავსი თემები