“ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დღეს უკვე 19 ლაბორატორია ატარებს ინფიცირებულთა ტესტირებას.  ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზულად აამუშავა გარე კონტროლის სისტემა, რათა ინფიცირებულთა შემთხვევები არ გაიპაროს. გამყრელიძის თქმით, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე იყო, თუმცა ე.წ. საკონტროლო პაკეტების მეშვეობით ინფიცირებულთა ორმაგი კონტროლი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონავირუსის 2 დადასტურებულ ახალ შემთხვევას, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ.

“ჩვენ დღეს დილის 9 საათისთვის გვაქვს 928 დადასტურებული შემთხვევა, 106 000 ე.წ. შესაძლო დადასტურებული შემთხვევიდან. დღეს დილისთვის გვაქვს 2 ახალი შემთხვევა დადასტურებული. ერთი აქედან გახლავთ კონტაქტირებული ინფიცირებულთან და მეორე გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები გახლავთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის.

დღემდე დადასტურებულია PCR ტექნოლოგიით 30-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც გადმოკვეთა საზღვარი, ყოველდღიურად დაახლოებით, 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო 3 კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებულია PCR ტექნოლოგიით, რომლებიც მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები